18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ეს წელი იყო პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად აღწერა პრობლემები - ელენე ხოშტარია 

სახალხო დამცველის ანგარიშს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ კითხვები აქვთ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე.  

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში დასაბუთებულად არის აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და მის შემდგომ პროცესებს უკავშირდება. 

"ეს წელი იყო განსაკუთრებულად მძიმე ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისის წელი და ომბუდსმენმა ანგარიშში ძალიან დასაბუთებულად, მათ შორის სამართლებრივად დასაბუთებულად აღწერა ის პრობლემები, რაც ჩვენ გვქონდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იყო 20 ივნისი, 20 ივნისის დარღვევები, დაუსჯელობა, 20 ივნისის შემდეგ ადამიანების დაზარალებულად არცნობა და მთელი ის "ბუკეტი" უსამართლობის, რომელზეც დღემდე პასუხისმგებელი ხელისუფლება არ არის,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით უკან იხევს. 

"ძალადობა, თავისუფალი აქციის სასტიკი დარბევა, არც ერთი დაუსჯელი და პირიქით, დამნაშავეებზე ხელის დაფარება და მომავალი დანაშაულის წახალისება ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნის გაგრძელება და უამრავი პოლიტპატიმარი, რომელთაგან დღემდე არ არის ერთ-ერთი გათავისუფლებული. ქვეყანა მიდის უკან, დემოკრატიის თვალსაზრისით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანგარიშს ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. 

"ჩვენ ვნახეთ არაპროპორციული ძალის გამოყენების გარკვეული შემთხვევები, რაც ძალიან სამწუხაროა და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. ეს არის ცალსახად, ვინც საჭიროა, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გამოიკითხოს გამოძიების ფარგლებში. თუმცა, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, ეს არის მეორე თემა. ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, ასევე პოლიციელებიც არიან დაზარალებულები, რომლებიც ასევე, მოქალაქეები არიან, რომელთაც ასევე უფლებები აქვთ,“ - განაცხადა სოფო კილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიმდინარეობს.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.  

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები