"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინსიტროს კორუფციაში ადანაშაულებს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, განათლების სამინისტრომ შპს " ედუ გრუპს" ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამ კომპანიას საჯარო სკოლებში იურიდიული მომსახურების გაწევა დაევალა.
მისივე შეფასებით, ეს არის მასშტაბური კორუფციული სქემა და აღნიშნულმა კომპანიამ განათლების სამინისტროს დახმარებით დაახლოებით 7 წელში 21 მილიონ ლარამდე მოგება ნახა.
"21 მილიონი ლარი არის წაღებული ამ ფირმების მეშვეობით განათლების სისტემიდან 7 წლის განმავლობაში. მე მინდა მივმართო ყველა მშობელს - როდესაც თქვენ სექტემბერში მიხვალთ სკოლებში და გეტყვიან, რომ ფარდების ფული მოიტანეთ, საპნის ფული მოიტანეთ, დამლაგებლის ფული მოიტანეთ, გაიხსენეთ 21 მილიონი სად წავიდა. პანდემიის პირობებში ამისთვის სცალიათ, რომ სკოლებს დაავალონ არა პრობლემების მოგვარება, არა ონლაინ სწავლების ორგანიზება, არამედ ხელშეკრულებები კომპანიასთან, რომლის მეშვეობით, ყოველწლიურად სამიდან სამნახევარ მილიონ ლარამდე მიაქვთ სახლში," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.