ელჩების განცხადებებს, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ისინი ამბობენ, რომ თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ფართო მხარდაჭერით მიღების შესაძლებლობა სწორედ მმართველი გუნდის ხელშია.
"გიორგი რურუას საქმე სცდება ერთი ადამიანი საკითხს და ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შინაარსს. 8 მარტის შეთანხმება არის შეთანხმება პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა შევქმნათ. თუ ხელისუფლება უარს აცხადებს ამ შეთანხმების შესრულებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ თავი შევიკავოთ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობისგან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების ნორმალური ფორმით მიღების შესაძლებლობა იქნება.
"პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არის კვლავ ციხეში, ამიტომ ძალიან მარტივია აქედან გამოსავალი. ჩვენ პირველ მოსმენაზე ხმა მივეცით იმისთვის, რომ გადაგვეზღვია პროცესი. ნორმალურობისთვის საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიკური მოტივით დაკავებული რურუას გათავისუფლება. ესეც არის ივანიშვილის ხელში. გაათავისუფლოს რურუა და მოხდება ნორმალური ფორმით მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების, თუ არადა მოუწევს თავისი ხმებით იმის მიღება, რაც არ უნდა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს მის პასუხისმგებლობაზე იქნება.
"ჩვენმა საქართველომ“, პატრიოტთა ალიანსმა“, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“, რომლებიც არიან უმრავლესობის მიღმა, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართული ოცნება არ დაგვეტოვებინა ერთი ერთზე ნაციონალურ მოძრაობასთან და გვეიძულებინა პირობა შეესრულებინა და სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადაედგა და პოზიტიური როლი ეთამაშა საკონსტიტუციო პროცესის დროს. ამიტომ, დანარჩენი ვინც შემოვა და ვინც არ შემოვა, ეს მათი პასუხისმგებლობა იყოს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მის მიღებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"მიუხედავად იმისა, რომ 115 ხმით გავიდა მეორე მოსმენით, მესამე მოსმენაზე ეს რისკი რჩება. ამიტომ, მათი უშუალო პასუხისმგებლობაა როგორც საქართველოს მოქალაქეების, როგორც პოლიტიკოსების, მოვიდნენ და ხმა მისცენ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია, განსაკუთრებით პასუხისმგებელია შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებაზე, მაგრამ პირველი ნაწილის შესრულებაზე არის პასუხისმგებლობა ასევე ოპოზიციის და მე ვფიქრობ, რომ ისინი უნდა მოვიდნენ და მისცენ ხმა,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.