18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
სოფიო კილაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ჩავარდნა არ ემუქრება

"ქართული ოცნების" წევრი სოფიო კილაძე ღრმადაა დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ჩავარდნა არ ემუქრება. მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ პირველი ორი მოსმენითაც აშკარაა, რომ "ევროპული საქართველოს" გარეშეც შეძლეს საკმარისი ხმების მობილიზება ცვლილებების მისაღებად.

სოფიო კილაძემ ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ოპოზიცია კი გიორგი რურუას თემით მხოლოდ იმიტომ სპეკულირებს, რომ თავადაც იცის, ვერანაირი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით არჩევნებს ვერ მოიგებს. 

"მე, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ გიორგი რურუას ბრალეულობას ამ კონკრეტულ საქმეში. უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით. მაგრამ ერთი რამ მინდა გამოვრიცხო, რომ საქართველოში, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

რეალურად, თემა არის ის, ჩემი აზრით, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ვერც ამ და ვერც სხვა ცვლილებებით, ვერცერთი დემოკრატიული სისტემით, მათ შორის წმინდა პროპორციული არჩევნებით, მათ არ აქვთ შანსი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ამიტომ, თუ ისინი თავად დაეთანხმებიან ამ რეფორმას, შემდგომში აღმოჩნდებიან გამოუვალ სიტუაციაში და ვეღარ დაიწყებენ იმის ძახილს, რომ არჩევნები არადემოკრატიული სისტემით ჩატარდა,"-განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

ამასთან, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

გიორგი რურუა, ამ ეტაპზე, ისევ ბრალდებულია, მის საქმეზე განაჩენი ჯერ კიდევ არ დამდგარა. დღეს ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

გამოძიება გიორგი რურუას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება. 

დღის ამბები