18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-სა და პოლონეთის მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა - ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ, პოლონეთი და აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები არიან და ისინი ამ პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდნენ.
 
"მადლობას ვუხდით პრეზიდენტ დუდას საქართველოს მხარდამჭერი სიტყვებისთვის, რომლებიც მან პრეზიდენტ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოთქვა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-სა და პოლონეთის მხარდაჭერა  ყოველთვის ხმამაღლა ჟღერდა," - წერს ზალკალიანი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 
 
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
 
"2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია და ოკუპირებული აქვს ლუგანსკი და დონეცკი. მანამდე ის თავს დაესხა საქართველოს", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

დღის ამბები