პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ "პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება და 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია" საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად "აუცილებელი ნაბიჯებია".
"საკონსტიტუციო ცვლილებებს ესაჭიროება ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი, ასევე პოლიტიკური სცენის უმრავლესობაში. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია, მათ შორის, პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და დემოკრატიული არჩევნებისკენ გზის გასაგრძელებლად აუცილებელი ნაბიჯებია", - წერს ფოტიგა თავის "ტვიტერის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
გიორგი რურუა ამ ეტაპზე ისევ ბრალდებულია, მის საქმეზე განაჩენი ჯერ კიდევ არ დამდგარა. დღეს ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
გამოძიება გიორგი რურუას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება.