დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ, ამჯერად წლიური ანგარიშით წარდგება. ეს პარლამენტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში გიორგი გახარიას უკვე მესამე მოსმენა იქნება.
ამჯერად სესიას ოპოზიციაც დაესწრება, რომელიც მწვავე კითხვების დასმისთვის ემზადება.
"ძალიან ბევრი შეკითხვა უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა ბედის ანაბარა, მათ რეალურად არ მიუღიათ დახმარება და საინტერესოა, რას სთავაზობს მათ სახელმწიფო," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აქცენტს 20 ივნისის და ია კერზაიას საქმეზე აკეთებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარია ამ სამარცხვინო დაღს ვერასდროს ჩამოირეცხავს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ პანდემიისგან შექმნილ კრიზისს თავი კარგად გაართვა, მამუკა მდინარაძის თქმით, მათი ძირითადი კითხვები კორონავირუსის პირობებში ეკონომიკის გადარჩენასთან დაკავშირებით იქნება.