საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში მისთვის მესამედ მისვლაა, რაც, გიორგი გახარიას თქმით, არის საზოგადოების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობის კომპონენტი არგუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება.
გახარია საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 20119-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი იყო დაახლოებით 1 თვის წინ, შესაბამისად, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ექნებოდა შესაძლებლობა, ანგარიშს გაცნობოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გლობალურადაც და ქვეყანაშიც, ჩვენ ფაქტობრივად ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, რომელსაც აქვს როგორც ეპიდემილოგიური, ჯანდაცვის შემადგენელი, ასევე ეკონომიკური შემადგენელი, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს, სხვადასხვა წარმატებით განხორციელების ფაზაშია. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ოთხივე მიმართულებით მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და აქტიურად გრძელდება. პირველ რიგში, ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა", - აღნიშნა პრემიერმა.