18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
მმართველი პარტია საჯარო ინსტიტუტების უმრავლესობაზე თითქმის ტოტალურ კონტროლს ფლობს - IT ანტიკორუფციულ სისტემას აფასებს

ხელისუფლების მზარდი ზეწოლა მედიასა და ბიზნესზე, თავდასხმები სახალხო დამცველზე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე და არაფორმალური გავლენა მთავრობის საქმიანობაზე - ეს იმ მნიშვნელოვანი პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 2020 წლის შეფასებაში ასახა. კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინსტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა, ესენია - სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საარჩევნო ადმინისტრაცია.

ორგანიზაციის დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, კანონმდებლობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საკმაოდ გამართულია, თუმცა მის აღსრულებაში პრობლემებია, რაც არაფორმალურ მმართველობასთან არის დაკავშირებული. 

"ჩვენი მთავარი მიგნება არის ის, რომ რიგი მიმართულებებით გვაქვს ძალიან კარგი კანონმდებლობა. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, კორუფციასთან ბრძოლა შესაძლებელია იყოს ძალიან ეფექტური. თუმცა, თუკი შევხედავთ ჩვენ პრაქტიკას, დავინახავთ, რომ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები. პირველი პრობლემა უკავშირდება ძალაუფლების კონცენტრაციას და, ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები მოქმედებენ კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი არიან, ასევე, არაფორმალური მმართველობის გავლენის ქვეშ და ეს არის სერიოზული პრობლემა,"-განაცხადა ეკა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის, ერეკლე ურუშაძის განცხადებით პრობლემის სათავეა ის, რომ მმართველი პარტია საჯარო ინსტიტუტების უმრავლესობაზე თითქმის ტოტალურ კონტროლს ფლობს.

"ჩვენ გვაქვს ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი. ანუ, ქვეყანაში მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ვიწრო ჯგუფის და ხშირად შეიძლება ერთი კონკრეტული ადამიანის ხელში. მმართველი პარტია ფლობს თითქმის ტოტალურ კონტროლს საჯარო ინსტიტუტების უმრავლესობაზე. თავად მმართველ პარტიაში, ცხადია, ერთი ადამიანია, რეალურად, გადაწყვეტილების მიმღები. ამას ჩვენ ვეძახით, სახელმწიფოს მიტაცებას, არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე შეიძლება ვისაუბროთ. ასეთ პირობებში რთულია ამ ინსტიტუტებმა იმოქმედონ კანონიდან და არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე,"-განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

დღის ამბები