18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მე რომ ვიყო პარლამენტში და მქონდეს ხმა, აუცილებლად მივიღებდი კენჭისყრაში მონაწილეობას - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს.  ნინო ბურჯანაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტს მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს, იმისათვის, რომ მის ირგვლივ არავითარი კითხვენი არ დარჩეს.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ  მრავალპარტიული, ნორმალური საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.   

"მე ვეთანხმები იმას, რომ მნიშვნელოვანია მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს ამ დოკუმენტს და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მართლაც ამ თემას არავითარი კითხვის ნიშანი აღარ დარჩეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მესამე მოსმენის დროს, ისევე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო პირველი მოსმენის დროს. ამიტომ, მე პოზიტიურად შევაფასე იგივე ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, როდესაც მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. მე მანამდეც ვამბობდი იმას, რომ მე მესმის ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება სრულყოფილად შესრულდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ხვალინდელ დღეს, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მრავალპარტიული, ნორმალური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი გვქონდეს.  მე რომ ვიყო პარლამენტში და მქონდეს ხმა, მე აუცილებლად მივიღებდი კენჭისყრაში მონაწილეობას. ამიტომ, ახლა მიუხედავად ყველაფრისა, მე მენდომებოდა რომ ოპოზიციამ მისცეს ხმა მესამე მოსმენით კანონპროექტს, რომ არ იყოს არანაირი პრობლემა, არ იყოს იმის შანსი, რომ უცებ ერთი ან ორი ხმა დააკლდეს და გავარღვიოთ ის ჩაკეტილი წრეც, რომელშიც ამდენი ხანია ვართ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

დღის ამბები