საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოში ფრენების აღდგენის ივლისის ბოლომდე გადავადებას ეხმაურება. ელჩის განცხადებით, ფრენების აღდგენის გადავადება ბევრ ადამიანზე და მათ შორის, ეკონომიკაზეც აისახება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სრული პასუხისმგებლობით მიიღო.
"როგორც ყველა, მეც მათ მსგავსად ვწუხვარ, რომ ვერ შევძლებ საქართველოში ჩამოსვლას ივლისის ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, ძალიან ბევრ ადამიანზე, ასევე ეკონომიკაზე აისახება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება სრული პასუხისმგებლობით მიიღო.
ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ თითოეული მოქალაქე იყოს რისკებისგან დაცული. ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია და პატივი უნდა ვცეთ მას. გავაგრძელებთ დიალოგს ამ საკითხზე.
ტურიზმი მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოში. გერმანია მხარს უჭერდა მოკლევადიან ეკონომიკურ დახმარებას, რომელიც ახდენდა ბიუჯეტის დაბალანსებას. მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკა გახდეს მეტად დაბალანსებული. გერმანელები მოხარული იქნებიან, აქ, ამ ლამაზ ქვეყანაში ჩამოსვლით დაეხმარონ საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება მალე.
მე ყოველთვის მოვუწოდებდი გერმანელებს აქ ჩამოსულიყვნენ. უფრო და უფრო მეტი გერმანელი ჩამოდის აქ. იმედი მაქვს, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.