18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ევროპული საქართველოთი" და სხვა პარტიებით არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა - ირაკლი კობახიძე

გერმანიის ელჩის განცხადებას 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ოპოზიციის მსგავსი რეაქციები ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მათი ოპონენტები ანტიდასავლურ რიტორიკას ღიად აფიქსირებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი იმას, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა საერთოდ არ ყოფილა ნახსენები.

"გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ მოჰფინა ამ ყველაფერს ნათელი და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია გიგა ბოკერიას და სხვა "ნაციონალების" გაღიზიანებული კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ის, მისი მეუღლე და სხვა "ნაციონალები" არიან უკიდურესად გაღიზიანებული. ისინი გამოირჩეოდნენ დღეს შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს ერთიანი პოლიტიკური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ევროპული საქართველოთი" და სხვა პარტიებით არის ერთი დიდი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ელჩი იძულებული გახდა კიდევ უფრო დაზუსტებით და ხაზგასმით მიეთითებინა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არც გიორგი რურუა და არც სხვა პოლიტპატიმარი ნახსენები არ ყოფილა.

"გერმანიის ელჩი იძულებული გახდა კონკრეტულად, კიდევ უფრო დაზუსტებით და ხაზგასმით მიეთითებინა, რომ შეთანხმების პირობაში არც რურუა ეწერა, არც სხვა ე.წ. პოლიტპატიმარი და არც რაიმე ჩარევაზე იყო მართლმსაჯულებაში საუბარი. მან მიუთითა, რომ შეთანხმების პირობა არ იყო ეს, ამით ნათელი მოჰფინა იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ ამ ბოლო კვირების განმავლობაში ვსაუბრობდით და წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომელსაც ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სამეგობრო კრიმინალური დაჯგუფებების სახით უკვე გარდაქმნილი ე.წ. ოპოზიცია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება.

დღის ამბები