18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
საერთაშორისო საჰაერო რეისების მიღებაზე საქართველო ამ ეტაპზე უარს ამბობს - საზღვრების გახსნა პირველ აგვისტომდე გადაიდო

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც ევროკავშირი საზღვრებს პირველივე ეტაპზე ხსნის. 54 სავარაუდო სახელმწიფოს ჩამონათვალს "ევრონიუსი" აქვეყნებს. მეზობელი ქვეყნებიდან ნუსხაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა. ჩამონათვალში არ შედის ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და რუსეთი. ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო საჰაერო რეისების მიღებაზე საქართველო უარს ამბობს. ივლისის ნაცვლად საზღვრების გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ აგვისტომდე გადაიდო.   

მთავრობის არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის. დეპუტატები ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ ქვეყნების სიის გამოქვეყნებამდე ქართულ მხარეს რეგულარული ფრენების აღდგენაზე უარი არ უნდა ეთქვა. როგორც "ევროპულ საქართველოში" თვლიან, ამ ნაბიჯით საქართველომ მიუთითა, რომ სიაში მოხვედრა ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ფრენების 1-ლ აგვისტომდე გადადების შემთხვევაში ეკონომიკური ზარალი მინიმალური იქნება. ვანო მაჭავარიანი განმარტავს, რომ ქვეყანაში  ტურისტების დიდი წილი სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორებზეა.  

რატომ თქვა უარი საქართველომ საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა - ამ საკითხს კამათი დღეს პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ანგარიშის განხილვისასაც მოჰყვა. გიორგი გახარიას განმარტებით, საუბარია მხოლოდ რეგულარულ რეისებზე, რაც ნიშნავს, რომ ფრენები კონკრეტული ქალაქებიდან მაინც შედგება. 

პირველ აგვისტომდე რეგულარული ფრენების გადადებას დღეს გერმანიის ელჩი გამოეხმაურა. ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისთვის გასაგებია. 

თავდაპირველი გეგმით რეგულარული ფრენები ევროკავშირის ქვეყნებთან 1-ლი ივლისიდან უნდა აღდგენილიყო. მსოფლიოში და მათ შორის, ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მთავრობამ თარიღი გადაავადა. საქართველოში მოხვედრა აგვისტომდე მხოლოდ ჩარტერული რეისებით იქნება შესაძლებელი.  

დღის ამბები