დიპლომატიური ზეწოლა გრძელდება - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების შემდეგ მკვეთრ განცხადებას უკვე გერმანიის ელჩი აკეთებს.
დღეს "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა პირდაპირ განაცხადა, რომ გიორგი რურუას სახელი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის. ელჩი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეასრულონ შეთანხმება და ხმა მისცენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
გერმანიის ელჩი პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე დისკუსიით, სადაც ისინი ცდილობენ, საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდების გამო პასუხისმგებლობა ერთმანეთს დააკისრონ, გაკვირვებულია.
რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, ჰუბერტ ქნირში "კურიერთან" განმარტავს, რომ რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს, 8 მარტის არც ერთ შეთანხმებაში ნახსენები არ არის.
8 მარტს გაფორმებულ დოკუმენტში კონკრეტული პირების სახელები და გვარები არ წერია - ამას ოპოზიციაც ადასტურებს, თუმცა ისევ იმეორებს, რომ ამ საკითხზე ზეპირი შეთანხმება არსებობდა.
გერმანიის ელჩს კი დღევანდელი კომენტარის გამო გიგა ბოკერიამ თარგმანში დაკარგული უწოდა. მან დიპლომატს გამოცდილებაც დაუწუნა.
ოპოზიციის გამოხმაურებები "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის საბაბად იქცა, რომ ოპონენტები ანტიდასავლური კურსის მხარდამჭერებად მოეხსენებინათ. მმართველი გუნდის შეფასებით, გერმანელი დიპლომატის კომენტარით თემაზე ინტერპრეტაციებისთვის სივრცე დაიხურა.
მოლაპარაკებების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციის ხედვებზე კომენტარი დღეს რამდენიმე ჟურნალისტთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე გააკეთა. ამავე აუდიენციაზე ელჩმა თქვა, რომ შეთანხმების შესახებ ინტერპრეტაციები ისმის.
8 მარტს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში კენჭს ორშაბათს უყრიან. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, თუმცა მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" კი არც ერთ კენჭისყრაში არ ჩართულა. ოპოზიცია ამბობს, რომ მწვანე ღილაკზე თითს არ დააჭერს, ვიდრე გიორგი რურუა დაპატიმრებულია.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკმარისი ხმები მაინც მოგროვდება და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. ცვლილებების მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, "კონსერვატორები", ასევე "სოციალ-დემოკრატებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია.