"ამოცანა დღეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გაცილება, ოღონდ ისე, რომ არ მოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა"," - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელოს" მთავარი ფორმულა სწორედ ამაში მდგომარეობს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური მოძრაობა ოპოზიციის წინააღმდეგ მიდის.
"ჩვენ ვართ ოპოზიცია არსებული ხელისუფლების და ვართ დამოუკიდებელი ძალა. შესაბამისად, თუ თქვენ იმას უძახით, რომ თავისუფალ კონკურენტუნარიან არჩევნებში ჩვენ არ ვუერთდებით არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც "ოცნებას" და ამას თქვენ ეძახით, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მივდივართ, ეს ასე არ არის.
მე მთელი ცხოვრება კონკურენტუნარიან გარემოში ვცხოვრობ და მივესალმები თანასწორუფლებიან კონკურენციას. შესაბამისად, ასე საკითხის დაყენება არასწორია იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა თუ ვიღაცის საწინააღმდეგოდ არის - კი, ეს საწინააღმდეგოდ არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების. იმიტომ, რომ ამოცანა დღეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გაცილების, და არა ის, რომ ჩვენ ვიღაც ოპოზიციას დავუპირისპირდით. ოღონდ ისე, რომ არ მოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა", მე მინდა ეს შესწორება შევიტანო. ძალიან მნიშვნელოვანია. გავისტუმროთ ესენი და მოვიყვანოთ ისინი - ეს ფორმულა ჩვენი არ არის," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.