18 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
გახარია არის რუსეთის მაფიოზური, კრიმინალური აზროვნების ადამიანი - მამუკა ხაზარაძე

"გახარია არის რუსეთის მაფიოზური, კრიმინალური აზროვნების ადამიანი" - პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ამის შესახებ "ღამის კურიერში" განაცხადა.

"მე მინდა გთხოვოთ, კითხვა დაუსვით გახარიას, რატომ არ იცავს მუნდირის ღირსებას? რატომ არ მიდის ვიცე-სპიკერი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის, რომელიც გამოდის და რაღაც ძველბიჭური ტონით გველაპარაკება, რატომ არ მიდის სასამართლოში და რატომ არ ამტკიცებს თავის სიმართლეს, ისევე, როგორც ჩვენ დავამტკიცეთ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ.

ერთ რამეზე შევთანხმდეთ, თუ თამაშის წესი გვინდა, ყველამ მივიღოთ თამაშის წესი. მოგვწონს სასამართლო, არ მოგვწონს სასამართლო - ეს პრეცედენტები მე პოლიტიკოსებისგან უნდა გავიგო, მითუმეტეს მმართველი პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა გამოასწორეს. კი არ გამოასწორეს, გადაიბარეს.

გახარია არის რუსეთის მაფიოზური, კრიმინალური აზროვნების ადამიანი, რომელმაც ჩაშალა ბიძინა ივანიშვილის დავალებით უზარმაზარი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის გახსნის თვალსაზრისით, სავაჭრო გზების თვალსაზრისით, იმის თვალსაზრისით, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო, გაყარეს ამერიკელები. კითხვა მაქვს - მეტი რა უნდა გაუკეთო ამ ქვეყანას? და თქვენ ახლა მეუბნებით, რომ ფარცხალაძე რომ ვახსენე, ახლა უნდა მოგიტანოთ საბუთები? ფაქტები გინდათ? ფაქტები სასამართლოში და პროკურატურაში იქნება. ოღონდ სასამართლო-პროკურატურაში კი არა, ჩვენ რომ მოვალთ და ამათ რომ გავყრით და პროკურატურას საერთოდ რომ გავაუქმებთ. ამ პროკურატურას ჩვენ საერთოდ გავაუქმებთ, ისევე როგორც გავაუქმებთ საგადასახადო პოლიციას, ისევე როგორც გავაუქმებთ საგამოძიებო დეპარტამენტს სუს-ში, რომელიც დაკავებულია ჟურნალისტების დაბარებით, არც ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ გია ვოლსკის ცილისმწამებლური განცხადების გამო რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში უჩივლა, თუმცა მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში გია ვოლსკი არცერთხელ პროკურატურაში არ დაუბარებიათ. ხაზარაძის თქმით, 2 საქმეზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული: ე.წ. მუქარის წერილზე და ასევე ცილისმწამებლურ განცხადებაზე.

"ჩვენ ვუჩივლეთ ბატონ ვოლსკის, რომელმაც გააკეთა განცხადება ცილისმწამებლური, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძემ რაღაც თანხა წავიღეთ სახლში. უკვე რამდენიმე თვეა შეტანილია პროკურატურაში, ერთხელ არ დაუბარებიათ. ახლა მითხარით, რომელ სამართალზე მელაპარაკებით?

ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში უსამართლობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა "ნაციონალური მოძრაობისგან." აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. და თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს და ყურში მოხვდა ეს ყველაფერი, მე ღია ვარ, მობრძანდით, თქვენივე სასამართლოა, თქვენივე პროკურატურაა, მე მეორე დღესვე მივალ იმ სასამართლო-პროკურატურაში, რომ უკვე ფაქტებით, ტელევიზიით კი არ ვილაპარაკო. 2 საქმეზე არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე: მუქარის წერილზე და ცილისწამებაზე.

კადიროვი გამოვიდა და თავზე ლაფი დაგვასხა. კავკასიაში ქართველები ვიყავით წამყვანი ძალა, ღირსების. გამოვიდა ჩვენი კავკასიელი ე.წ. მეზობელი, თავზე გადაგვიარა. თავმოყვარე სახელმწიფოს ერთი ჩინოვნიკი მაინც უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ მაგ ენით ქართველებს ნუ ელაპარაკები და ამათმა ეს გააკეთეს. ესენი არიან კაპიტულანტური რუსეთის, გუბერნიად რომ უნდა აქციონ ეს ქვეყანა, ასეთი ქვეყანაა ეს და ამიტომ ფარცხალაძეებს, ჩხარტიშვილებს, ბიძინა ივანიშვილებს და ყველა ამათ ახალ პროკურატურაში, ახალ სასამართლოში მოეთხოვება ბოლომდე. მოვალ და თქვენ ამას ნახავთ, ამ ეთერში მოგიყვებით მე მაგ საქმეებს," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები