პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვაზე - რეგიონებში სიღარიბის ფონზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას საბანკო პოლიტიკის გამო, რომელსაც ბიზნესმენი ხაზარაძე ახორციელებდა, პასუხობს, რომ საქართველოში საბანკო პროცენტი ეროვნული ბანკისა და ბაზრის მიერ რეგულირდება, საბანკო სექტორთან და ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებები კი პოპულისტურია.
"უმეტესობა პოლიტიკურ ძალას სჭირდება რაღაც მტერი აღმოაჩინოს. ეს მტერი უნდა იყოს, რომელზეც ილაპარაკებ მუდმივად. ეს კარგი სალაპარაკო თემაა. ახლაც მესმის მე ბევრი პოპულისტური განცხადება, რომ ჩამოეწეროს სესხები და ა.შ.
ქართული საბანკო სისტემა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, საქართველოში საბანკო პროცენტი რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ და ბაზრის მიერ. მიუხედავად ამისა, საქართველო მთელ რეგიონში არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
პრობლემა იცით რაშია? ქვეყანა არის ღარიბი, ქვეყანაში არ იქმნება სამუშაო ადგილი, ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება, ადამიანებს არ აქვთ ხელფასი," - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.