კიდევ ერთი გზავნილი ამჯერად გერმანელი პარტნიორისგან - "რუსთავი 2"-ის ინტერვიუ გერმანიის ელჩთან უკვე მეორე დღეა მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზია. მას შემდეგ, რაც ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის არცერთ შეთანხმებაში ნახსენები არ არის და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში უნდა ჩაერთოს, ლიდერების ნაწილმა დიპლომატი გააკრიტიკა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ელჩს თარგმანში დაკარგული და შარში გახვეული უწოდა, ეს შეფასება კი ქართული ოცნებისთვის აღმოჩნდა საბაბი, რომ ოპოზიცია ანტიდასავლურ ძალად მოეხსენიებინა.
"შეთანხმება უნდა შესრულდეს მთლიანად და ამის ბარიერი არის ივანიშვილის უგუნურება. ის შეთანხმების იმ, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს არ ასრულებს ჯერჯერობით. ჩვენ მკაფიოდ გვქონდა ნათქვამი, რომ ეს იყო წინაპირობა. ახლა ჩვენ არ შევუწყობთ მას ხელს, რომ თავში აუვარდეს და შეიძლება ასე გადაგდება საზოგადოების, საქართველოს მეგობრების და მერე მაინც ყველაფერი ნორმალურად იქნება. თვითონ გააკეთოს რაც უნდა, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები ან გამოუშვას რურუა - ამ შემთხვევაში კარგი შედეგი იქნება და მოხდება შეთანხმების შესრულება," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ელჩის მოსაზრებები ყოველთვის მისაღები ვერ იქნება.
"გერმანიის ელჩს შესაძლოა ჰქონდეს მისი საკუთარი მოსაზრება, მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაშიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ და ვეთანხმებით ყველა მოსაზრებას, რომლესაც გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი ჩვენ სახელმწიფოში," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით "დაუსრულებელი ჭიდილი უნდა დასრულდეს".
"შეუძლებელია ამ სამი მოსმენის მუდმივად, ამ სამი მოსმენის შუალედებში ამ ხელის გადაგრეხის პრინციპით საუბარი," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
8 მარტს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში კენჭს ორშაბათს უყრიან. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, თუმცა მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" კი არც ერთ კენჭისყრაში არ ჩართულა. ოპოზიცია ამბობს, რომ მწვანე ღილაკზე თითს არ დააჭერს, ვიდრე გიორგი რურუა დაპატიმრებულია.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკმარისი ხმები მაინც მოგროვდება და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. ცვლილებების მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, "კონსერვატორები", ასევე "სოციალ-დემოკრატებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია.