"ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციას მოუწევს მხარი დაუჭიროს საკონტიტუციო ცვლილებებს, ვინაიდან მმართველი გუნდის შეფასებით, დიპლომატიური კორპუსის გზავნილები მკაფიოა.
აღნიშნულ საკითხს გუშინ პრემიერ-მინისტრიც შეეხო, რომელმაც ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა პარლამენტს.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს ორშაბათს და ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მივყავართ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს გზა ამ გადაწყვეტილებამდე იყო საკმაოდ რთული. რა თქმა უნდა, 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ოცნება იყო პროპორციული სისტემა და ვერავინ ამ ოცნებას ვერ მიაღწია," - აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მუდმივი დაკვირვება სჭირდება. გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწევს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
"რაც შეეხება მართლმსაჯულების სფეროში ჩაურევლობის საკითხს, ეს ელჩებმა ბრძანეს, რომ არის განგრძობითი პროცესი, რასაც ჩვენ ბუნებრივია ვეთანხმებით. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია და ბუნებრივია ქართულ მართლმსაჯულებას ბუნებრივია სჭირდება მუდმივი დაკვირვება და სწორედ ამაზე საუბარი ჩვენ მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში. მოგიწევთ ამ დარბაზში მოსვლა და მესამე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, თუ ამას არ გააკეთებთ ამ შემთხვევაში დიპლომატებისგან ძალიან მკაცრი მუშტი მოგხვდებათ," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
8 მარტს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში კენჭს ორშაბათს უყრიან. "ევროპულმა საქართველომ" ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, თუმცა მეორე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" კი არც ერთ კენჭისყრაში არ ჩართულა. ოპოზიცია ამბობს, რომ მწვანე ღილაკზე თითს არ დააჭერს, ვიდრე გიორგი რურუა დაპატიმრებულია.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკმარისი ხმები მაინც მოგროვდება და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება. ცვლილებების მხარდაჭერას აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, "კონსერვატორები", ასევე "სოციალ-დემოკრატებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია.