"აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ" მნიშვნელოვნად შეამცირა მანძილი პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის. ამის ნათელი მაგალითი საქართველოა, რომელიც ორიათასიანი წლების დასაწყისში მეზობლადაც კი არ განიხილებოდა - ეს განცხადება ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალი საბანაძემ, ევროპულ გამოცემა euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გააკეთა.
ელჩის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მეშვეობით, ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საშუალებაც მიეცათ. რეგიონში გაძლიერდა ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური, ინსტიტუციური კავშირები.
საბანაძის თქმით, პროგრამის წარმატების მიუხედავად, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წინაშე დღეს უამრავი გამოწვევა დგას, რაც მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებსა და ხედვას უკავშირდება. ამასთან, რეგიონის ქვეყნებში კვლავ სამწუხარო რეალობად რჩება პოლიტიკური არასტაბილურობა, სიღარიბე და ტერიტორიული დავები.