შესწორება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში, - სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ერთერთ ასეთ პირობად კი ამერიკელი პოლიტიკოსი გიორგი რურუას გათავისუფლებას ასახელებს. წინადადება, რომ აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა გუშინ გაასაჯაროვა. საკანონმდებლო პროექტი კანონად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სენატი გაიზიარებს და დაამტკიცებს.
სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავს შეფასებას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" თავისი ქმედებით ქვეყანას დიდი რისკის წინაშე აყენებს:
"გამაფრთხილებელი განცხადებაა, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველია, რა თქმა უნდა და ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის დოკუმენტი, რომელზეც 13 კონგრესმენმა მოაწერა ხელი, სადაც ბიძინა ივანიშვილი იყო მოხსენიებული. ხელისუფლება დროა გონს მოეგოს, დაიწყოს დიპლომატიური ენით საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და დროა, შეასრულოს შეთანხმება სრულად იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტს და შესაბამისად მასში მოსალოდნელ ცვლილებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონეს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საიდანაც გამოიყოფა ის ფული, რომლითაც შემდეგ ხდება ჩვენი ჯარის მომზადება და სწორედ აქ პოლიტიკური ნაწილი იქნება ასახული, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირ გვარი და სახელი მითითებული," - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს უახლოეს მომავალში გიორგი რურუას გათავისუფლება.