"სენატი ხელახლა აცხადებს სურვილს განავითაროს თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თუ საქართველოს მთავრობა განაგრძობს კეთილსინდისიერ მცდელობას ეს რეფორმები განახორციელოს," - თავისი დატვირთვით ეს ტექსტი საკანონმდებლო შესწორებაა, რომელიც ქვედა პალატიდან სენატში მისულ აქტს ჯიმ რიშმა დაახვედრა. ჯერ არ მიღებული დოკუმენტით შტატები ყოველწლიურად საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერას განსაზღვრავს, ამჯერად კი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მასში ცვლილებების შეტანა სურს. რიში აღწერს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის დღიდან დღემდე ქვეყნის პოლიტიკურ ქრონიკას. მათ შორის მოყვანილი აქვს ოპოზიციის ბოლო მოთხოვნები.
სენატორი რიში დოკუმენტში ჩამოთვლილი საკითხების შემდეგ შესწორებებს მოწოდებებსაც ურთავს.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პარტნიორმა ქვეყანას გაფრთხილება გამოუგზავნა. ხელისუფლების ოპონენტები ტექსტს ასე კითხულობენ, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ვაშინგტონს საქართველოს მხარდაჭერის გადახედვა მოუწევს. შესაბამისად მმართველ გუნდს გონივრული ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
პირობითობას ტექსტში ვერ ხედავს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ შესწორებაში 8 მარტის შეთანხმებაზე საუბარი სწორედ იმგვარი ფორმულირებითაა წარმოდგენილი, როგორიც თავად შეთანხმების ტექსტია და სიტყვა პოლიტპატიმრადაც არსადაა ნახსენები. ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - აცხადებს ზალკალიანი.
ეს პასუხები ოპოზიციისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, მეტიც მაგალითად "ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რიშის გზავნილი იმის საკმარის წინაპირობად მიიჩნია, რომ "ოცნებამ" მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ თქვას უარი. "დემოკრატიული მოძრაობისთვის" კი მმართველი გუნდის ის განცხადება გახდა საინტერესო, სადაც ხელისუფლება რიშის შესწორებების უკან ოპოზიციასთან მის კავშირებს კითხულობს.
"უხერხული პროექტი" - ასეთია ქართველი კოლეგების შეფასება რიშის შესწორებაზე. აქ იმედოვნებენ, რომ დამატებები საბოლოო დოკუმენტში რეალობასთან ახლოს მდგომი ფორმულირებით მოხვდება. თავის მხრივ მმართველ გუნდში ამ გზავნილებს ორმხრივ ურთიერთობაში საფრთხედ არ განიხილავენ.
საბოლოო დოკუმენტში, რომლის სამუშაო ვერსიაც სენატმა უახლოეს პერიოდში უნდა განიხილოს, ჯერ უცნობია მოხვდება თუ არა სენატორ რიშის შესწორებები. ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სწორედ სენატმა უნდა დაამტკიცოს ვაშინგტონის მხრიდან პარტნიორი სახელმწიფოსთვის თავდაცვის ნაწილში დახმარებების გამოყოფას გულისხმობს. 92 წლიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა ქართულ თავდაცვას 732 მილიონი დოლარიო გამოუყო.