18 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი, ფეხბურთელის საქმის ოქროს მოწმეების ჩვენება - "გიორგიმ და ვახტანგმა ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მე გვერდით გავიქეცი"

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დაღუპული ფეხბურთელის საქმის ოქროს მოწმეების ჩვენებები. ეს არის ორი ჩვენება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა და დაკავებულმა ვასილ მახარაძემ გამოძიებას მისცეს.

მნიშვნელოვანია ის ახალი გარემოებები, რომლებიც ამ ჩვენებებიდან იკვეთება. გურამ ამირხანაშვილი საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ მან  დაღუპული ფეხბურთელი ბოლოს დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანთან ერთად ნახა, როგორ გარბოდნენ ისინი ხიდის ქვეშ არაგვის მიმართულებით და როგორ მისდევდა მათ ამ მომენტში თბილისიდან "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი.

როგორც გურამ ამირხანაშვილი ამბობს, ამის შემდეგ მეგობარი აღარ უნახავს. რაც შეეხება მეორე ჩვენებას, ვასილ მახარაძე, რომელიც დღეს დაკავებულია, ადასტურებს, რომ შაქარაშვილს და მის მეგობრებს 18 ივნისის ღამით ისინი მისდევდნენ, თუმცა მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მათ მხოლოდ ერთი მათგანი იპოვეს, ეს არის გურამ ამირხანაშვილი, რომელიც შემდეგ თბილისში ჩამოიყვანეს.

ამავე ეპიზოდზე პროკურატურა აცხადებს, რომ ამირხანაშვილს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში, სადაც დიდუბეში დატოვეს.

ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილის  "კურიერის" მოპოვებულ ჩვენებაში დეტალურად არის აღწერილი, როგორ გარბოდნენ ახალგაზრდები თავის გადასარჩენად.

"მე, გიორგი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი გავიქეცით მდინარე არაგვზე მიმავალი ხიდის მიმართულებით. დავინახეთ, რომ შავი ფერის მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პირი და გამოგვეკიდა. მე, შაქარა და ვახტანგი გავიქეცით უკან. გადავირბინეთ თითქმის გზის დიაგონალი. შაქარა მირბოდა წინ, შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და შემდეგ მივყვებოდი მე. გიორგიმ და ვახტანგმა ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მე გვერდით გავიქეცი. გზის გვერდით დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი ამ მიმართულებით.

მანქანაში მეშვიდე ვიყავი და წამოვედი თბილისის მიმართულებით, ვითხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინათ, რადგან შაქარა მომეძებნა, მკითხეს, თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი მანქანიდან, მიზეზი დავუმალე, შემეშინდა. მანქანა არ გამიჩერეს,"- ამბობს ჩვენებაში გურამ ამირხანაშვილი.

"კურიერმა" 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი პირის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც გურამ ამირხანაშვილთან ერთად თბილისამდე იმგზავრა, თუმცა ვასილ მახარაძის ჩვენება პირველი ოქროს მოწმის ჩვენებისგან განსხვავდება.

ვასილ მახარაძე ჩვენებაში ამბობს, რომ მან და მისმა მეგობრებმა ავტობანზე ოთხი ბიჭი შენიშნეს, რომლებიც გარბოდნენ, მანქანა გააჩერეს და ბიჭებს მოუწოდებდნენ არ გაქცეულიყვნენ, რადგან საშიში არაფერი იყო.

"ავტობანზე, არმისული ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პიროვნება, გავაჩერეთ. ოთხივე უკან გაიქცა. გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და არაფრის შეშინებოდათ. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავჯექით მანქანაში და მოვატრიალეთ უკან, ჩვენი სამი მეგობარი კი იმ ბიჭებს მისდევდნენ და ეძახდნენ გაჩერებულიყვნენ.

ჩვენ კი ამასობაში ბუჩქებთან ვიპოვეთ გურამ ამირხანაშვილი, ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. გვითხრა, რომ შაქარაშვილს ვერ პოულობდა, რადგან მას ტელეფონი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით,"- ნათქვამია ვასილ მახარაძის ჩვენებაში.

დღის ამბები