საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე და ბოლო მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრეც საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. ოპონენტები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას სთხოვენ. პირობის შესასრულებლად "ქართულ ოცნებას" დრო ხვალამდე, 12 საათამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიცია მესამე მოსმენას არ დაესწრება.
ოპოზიციის დემარშს "ქართული ოცნება" კვლავ დესტრუქციის მცდელობად აფასებს. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტებს საარჩევნო ცვლილებების ჩაგდება სურთ. ამის არგუმენტი მათთვის ოპოზიციის ისტორიული პროცესებისგან გათიშვაა.
"ევროპულ საქართველოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილიც არ დაუჭერს. პროცესს ეთიშებიან დავით ჭიჭინაძე და ბიძინა გეგიძე.
საკონსტიტუციო ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატების მეორე ნაწილის მხარდაჭერა ექნება, თუმცა კრიტიკის პარალელურად. კრიტიკის მთავარი მიზეზი კი მათთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესის დაგვიანებაა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მინუს 27 ხმის მიუხედავად, მმართველი გუნდი საჭირო ხმების მოპოვებაში დარწმუნებულია. "ოცნებაში" ამბობენ, რომ უმრავლესობის 92 დეპუტატი წინა 2 მოსმენის მსგავსად ცვლილებებს მხარს ხვალაც დაუჭერს და 2020 წლის არჩევნები შეთანხმების შესაბამისად - 120/30 პროპორციით ჩატარდება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალაში შესასვლელად 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცვლილებების პროექტის თანახმად, მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, 2020 წელს არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.
ავტორი: სალომე უერთშვილი