გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
ის, რაც ოპოზიციისთვის პოლიტიკური შეფასებებია, მმართველი გუნდისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები აღმოჩნდა. ოპონენტების გამონათქვამები, რომლის ადრესატიც გერმანიის ელჩი იყო, უმრავლესობაში ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად შეაფასეს. "ქართულმა ოცნებამ", მათივე განმარტებით, ოპოზიციის ქმედების გამო, ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა.
მმართველმა გუნდმა წერილობითი განცხადება საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც "რუსთავი 2-ის "ეთერში გერმანიის ელჩის განმარტებას ოპოზიციამ კრიტიკით უპასუხა.
ამ შეფასებების ავტორები და "ქართული ოცნების" განცხადების ფიგურანტები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. შალვა ნათელაშვილმა განმარტებაზე უარი გვითხრა. გიგა ბოკერიას ნაცვლად, "ევროპული საქართველოს" პასუხის პასუხი სერგო რატიანმა გაახმოვანა.
პარტიაში, ეპითეტს "ანტიდასავლური", კონტრბრალდებით უპასუხეს და მმართველ გუნდს დემოკრატიის ცოდნაც დაუწუნეს.
საკუთარ განცხადებაში ოპოზიციის მისამართით გამოთქმული ბრალდება "ქართულმა ოცნებამ" დღეს კამერების წინ ისევ გაიმეორა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციის ინტერესები გამოააშკარავა.
პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი, "რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა. მოლაპარაკებების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ინტერვიუში თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა.
გერმანელი დიპლომატის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოყვა. ოპოზციის კრიტიკას კი, მმართველმა გუნდმა მალევე უპასუხა.