18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
"დანაშაულებრივმა ორგანიზაცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" 8 მარტის შეთანხმებიდან გასვლით საერთაშორისო დონეზე მოიჭრა თავი - ანრი ოხანაშვილი

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ფინალური, მესამე მოსმენით კენჭისყრა შედგება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ პირველი ორი მოსმენის მსგავსად პრობლემები არ იქნება და ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება მარტივად მოხერხდება. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პარლამენტმა შეძლოს, მას სამივე მოსმენით პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობა ამ პროცესში არაფრისმომცემი იქნება, რადგან ისინი უკვე გავიდნენ 8 მარტის შეთანხმებიდან.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ასევე, პლენარულ სხდომაზე. საარჩევნო სისტემის ცვლილება ემსახურება ჩვენი ქვეყნის შემდგომ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაცია "ნაციონალურ მოძრაობას", მათი მონაწილეობა არაფრისმომცემი არ იქნება. მათ უკვე საერთაშორისო დონეზე მოიჭრეს თავი იმ ვალდებულებებისა და შეთანხმებიდან გასვლით, რომელიც მდგომარეობდა 8 მარტის შეთანხმებაში, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა და მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ საარჩევნო სისტემის შესახებ კონსესუსი ყველა მხარესთან შედგება. 

"ჩვენ, ერთის მხრივ, მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 8 მარტს, მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილად არ გამოჩნდება სახარბიელოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას სჭირდება იყოს საყოველთაო კონსესუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ როგორც "ნაციონალურმა მოძრაობა," ასევე "ევროპულმა საქართველომ" მიიღონ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა,"-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 2020 წლის 8 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

ამასთან, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

გიორგი რურუა, ამ ეტაპზე, ისევ ბრალდებულია და პატიმრობაში რჩება. მის საქმეზე განაჩენი ჯერ კიდევ არ დამდგარა. 

დღის ამბები