18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ამ შეთანხმებას კიდევ ერთი საკითხი აქვს შესასრულებელი - ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება - გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიულოცა. ვაშაძის განცხადებით, საერთო ძალისხმევით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს გამარჯვება სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა: საზოგადოებრივი აზრის ერთიანობამ, ოპოზიციის ერთიანობამ და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმებას კიდევ ერთი საკითხი დარჩა შესასრულებელი და ეს, გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

"ვულოცავ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, გილოცავთ ყველას, რომ დღეს ჩვენი საერთო ძალისხმევით ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივაღწიეთ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ეს გამარჯვება ჩვენ მოგვიტანა სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა. პირველი - ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა და წნეხი "ქართულ ოცნებაზე". მეორე - ეს არის ოპოზიციის ერთიანობა, ერთიანი ფრონტი, რომელიც ჩვენ გავხსენით. მესამე - ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიისთვის, რომელმაც დაინახეს, რომ 14 ნოემბერს ის დიდი ტყუილი, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" აკადრა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა გასულიყო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაეგრძელებინა.

მე მახსოვს ნოემბერი და დეკემბერი როგორ ამბობდა "ქართული ოცნების" ლიდერები, რომ არაფერი აღარ შეიცვლებაო კონსტიტუციაში, მგრამ ვხედავ მათ დღეს, როგორ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ უნდათ თქვან, რომ ეს ყოფილა თურმე მათი საწყისი პოზიციები და განცდები. დიახ დღეებმა და ღამეებმა გათენებულმა მშვიდობიანი პროტესტის პირობებში ჩვენ მიგვიყვანა 8 მარტის შეთანხმებამდე. იმ შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით და შუამდგომლობით ჩვენ გავაფორმეთ "ქართულ ოცნებასთან".

აქვე მინდა ვთქვა, ამ შეთანხმებას კიდევ ერთი საკითხი აქვს შესასრულებელი - ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება.

ბევრს შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ მთავარია, რომ საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური კუთხით. ამიტომ, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი, ერთიანი, რომ ბოლომდე მივიტანოთ ეს ყველაფერი.

მაგრამ აქვე, მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვეშვათ. ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, უნდა დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც დღეს აზის საქართველოს, რომელიც გვაღარიბებს თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის აუცილებელია, რომ "ოდირის" რეკომენდაციებით, ყველა საკანონმდებლო ცვლილება იქნას უკვე მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები