ნოემბრის მოვლენების, ქუჩის აქციების, ხანგრძლივი პოლიტიკური დიალოგის შემდეგ ელჩების ჩართულობით, დაპირებიდან ერთი წლის თავზე საარჩევნო სისტემა პროპორციულს დაუახლოვდა. ისტორიულ რიგგარეშე სხდომაზე დღეს 120 კანონმდებელი იჯდა, საქართველოს კონსტიტუცია კი საბოლოოდ 117-მა დეპუტატმა გადაწერა.
კონსტიტუციაში ცვლილებები მრავალპარტიული კონსენსუსით, თუმცა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა - პარლამენტშიც იყვნენ, თუმცა სხდომათა დარბაზში არ შესულან და პროცესებს მონიტორიდან ადევნებდნენ თვალს.
საკონსტიტუციო პროექტს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" 27 ხმა დააკლდა. საპარლამენტო ოპოზიციური ფლანგი კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლების მოლოდინში იყო, რაც ორი საპარლამენტო ფრაქციის ისტორიული პროცესებიდან გამოთიშვის მთავარ არგუმენტად დარჩა.
ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს თქვეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ამჯერადაც დაარღვია, ახლა უკვე 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში. მათივე განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოლა არასტაბილურ პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვებს ნიშნავს.
29 ივნისის ისტორიული კენჭისყრა წყალგამყოფი აღმოჩნდა მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთმანეთისგან კიდევ ერთხელ გაემიჯნათ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალი ოპოზიციისგან. თქვეს, რომ ისტორიული პროცესები ისტერიულად აქციეს, ოპონენტები კი 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მათ პირობა შეასრულეს, დემოკრატიისკენ ნაბიჯი გადადგეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედიც გადაწყვიტეს, მაშინ, როცა ოპონენტები ამ ისტორიული პროცესების მიღმა დარჩნენ.
საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრის დროს დარბაზში 3 დეპუტატი იჯდა, რომლებმაც კონსტიტუციაში ცვლილებებს ხელი არ მოაწერეს. წითელი ღილაკი ამჯერად კახა ოქრიაშვილმა, ალექსანდრე ერქვანიამ და კახა ოქრიაშვილმა გამოიყენეს.
ისტორიული დღე - ასე ჩაიწერება 29 ივნისი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. დღეს ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ერთპარტიული დომინაციიდან მრავალპარტიული პარლამენტისკენ და პრულარიზმისკენ საბოლოო ნაბიჯი გადადგა.
117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - გზა ნოემბრის მოვლენებიდან ამ შედეგამდე რთული აღმოჩნდა. პირველ მოსმენაზე პროექტს 136 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, მაშინ სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც შევიდნენ, მოგვიანებით კი, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაგდებას სამმა ხმამ გადაარჩინა.
ქვეყნის საარჩევნო მომავალი უკვე განსაზღვრულია, წინ კი საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და 2020 წლის არჩევნებია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიის მორიგი ტესტი უნდა იყოს.