საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსსაც ცვლის. დეპუტატები მას ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს. დღეს კი კანონმდებლები ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
დეპუტატების უმრავლესობა თანხმდება, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არის აუცილებელი. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან და ისინი დეპუტატებს საკუთარ რეკომენდაციებს გააცნობენ.
ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაციაა, რომ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში თან არ ჰქონდეს მობილური ტელეფონი, რათა მათ ხმა თავისი სურვილის შესაბამისად მისცენ და არა მითითებების.
"ევროპულ საქართველოს" გვაქვს ჩვენი წინადადებები, რომელიც უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ არჩევნები იყოს უფრო მშვიდი და ნორმალური. პირველ რიგში ეს ეხება საარჩევნო უბნებთან შეკრებებს, კოორდინატორები იქნებიან ეს თუ კრიმინალური ავტორიტეტები. ამის გარდა გვინდა, შევიტანოთ ცვლილება და მობილური ტელეფონები დატოვონ ამომრჩევლებმა, ვინაიდან სამწუხაროდ ხელისუფლება მობილურ ტელეფონებს ცუდად იყენებს. ავალდებულებენ, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ბიულეტენის ფოტო გადაიღონ " - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე.
იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური ფრაქციები საკომიტეტო მოსმენებს ესწრებიან, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მათთვის მთავარ მოთხოვნად კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება.
"ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, შესაძლებელია საკომიტეტო მუშაობაშიც კი მივიღოთ მონაწილეობა, რათა დავინახოთ, შეესაბამება თუ არა ეს მოთხოვნებს, რაც არის საერთაშორისო სტანდარტები, თუმცა ვიცით რა "ქართული ოცნების" ხრიკები, ისინი კვლავ არ გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს. ხოლო რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე ჩვენს მონაწილეობას, ჩვენ არ დავესწრებით, რადგან ბოიკოტის რეჟიმში ვართ," – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება უმრავლესობას, მათი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევა მაქსიმალურად რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არჩევნების უფრო გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყობს ხელს.
"ის ცვლილებები ეფუძნება ფართო კონსენსუსს, ფართო ჩართულობის შედეგად შემუშავებული დოკუმენტია, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის და შედეგად ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არჩევნები იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე. ჩვენი ამოცანაა, რომ პანდემიის პირობებში არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.