18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, მას ექნება გარანტირებული 750 000 ლარი წლიური დაფინანსება - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსს ცვლის. დეპუტატები დოკუმენტს კენჭს ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უყრიან, ამ წუთებში კი ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. მისი თქმით, ერთ-ერთი უფასო სარეკლამო დროს უკავშირდება. მაგალითად, ერთ საარჩევნო სუბიექტს საკუთარ საარჩევნო რგოლში ეკრძალება სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გამოყენება. კობახიძის თქმითვე, იცვლება პარტიათა დაფინანსების წესი.  კობახიძის განმარტებით, ასევე კენჭისყრის ოთახიდან 25 მეტრის რადიუსით იკრძალება სააგიტაციო მასალის გამოქვეყნება, გარდა ამისა ამომრჩევლის რაიმე ფორმით შეფერხება.

"გადავდივართ ძალიან მარტივ დაფინანსების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის მიერ მისაღები დაფინანსება მიბმული იქნება პირდაპირ მიღებულ ხმებზე. იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ, მცირე პარტიებს წაახალისებს ეს, გვაქვს 50 000-იანი დათქმა. პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს თითო ხმაზე 15 ლარს. შესაბამისად, თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ხმას, ამ შემთხვევაში მას ექნება გარანტირებული 750 000 ლარი წლიური დაფინანსება. ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღების, სკოლების აღმზრდელებზე, პედაგოგებზე და ასე შემდეგ. 

საარჩევნო დავების განხილვას რაც შეეხება, ვადები ზუსტდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკომიტეტო მოსმენას ესწრება ოპოზიცია. შენიშვნები რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, პარტიების დაფინანასებასა და ქალთა კვოტირებას, შემუშავებული რედაქციით საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს, რაც ოპოზიციის ნაწილის აზრით არასაკმარისია.

დღის ამბები