საარჩევნო კოდექსზე ცვლილებების იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებიან, თუმცა არ აპირებენ დასწრებას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.
ოპოზიცია კონკრეტულ შენიშვნებს ასახელებს სარედაქციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მეტწილად არ არის გათვალისწინებული და ეს ცვლილებები არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
"შეზღუდული გვაქვს ჩვენი მოზიდული თანხების დახარჯვა რეკლამაზე, ისევე როგორც შინაარსში შედიან რეკლამის იმისათვის, რომ შეგვიზღუდონ შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი. ეს ყველაფერი არის არადემოკრატიული, ისევე როგორც არ გვაძლევენ საშუალებას, მაგალითად, ჩვენ, "ევროპულ საქართველოს" ღია სია გვინდა და ამომრჩევლები წყვეტდნენ სიაში, ვინ როგორ იქნება. ამას მაინც მოვახერხებთ სხვა მეთოდებით, თუმცა ჯობდა რომ დემოკრატიული, გამჭვირვალე წესით ყოფილიყო. ცუდია ეს ყველაფერი, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
"ეს არის ამ საარჩევნო სისტემის სენი - მოსყიდვის შესახებ არაფერია ნათქვამი, მეორე ძალადობა. მეორე მოძალადეები სხედან ქუჩაში, კრიმინალები, რომლებიც აშინებენ თავიანთ მეზობლებს, ნაცნობებს და ასე შემდეგ. უნდა იყვნენ ეს ადამიანები გამიჯნული საარჩევნო უბნებიდან.
რაც შეეხება საუბარს სიძულვილის ენის ასახვას კანონში, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუციით უზრუნველყოფილი. მე თუ მინდა ვინმეს ვაწყენინო, არ გამოვიყენებ საყოველთაოდ აღიარებულ ცუდ სიტყვას, მაგალითად - ღორი, მაგრამ შეიძლება ვუწოდოთ ციყვი. ასე რომ, ჩემი პოზიცია გამოხატული იქნება უფრო ლამაზი და ეთიკური ფორმით," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსს ცვლის. დეპუტატები მას ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს. დღეს კი კანონმდებლები ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაჩქარებული წესით განიხილავენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.
შესწორებების მიხედვით იცვლება პარტიათა დაფინანსების წესი, ასევე სარეკლამო დროის გადანაწილების წესი. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდის დროს სიძულვილის ენის დარეგულირების საკითხი, თუმცა ეს თემა დოკუმენტში ჯერჯერობით ღიად რჩება.