18 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა - განხილვა მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა

სამსაათიანი განხილვის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, იქამდე კი დოკუმენტის გარშემო მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა.

ოპოზიციას შენიშვნები რამდენიმე საკითხის შესახებ აქვს, მათ შორის პარტიების დაფინანასება და ქალთა კვოტირებაა.

შემუშავებული რედაქციით, პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს, რაც ოპოზიციის ნაწილის აზრით, არასაკმარისია.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა ოპონენტები დაადანაშაულეს სიძულვილის ენის ტირაჟირებაში. ამის შემდგომ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი კობახიძეს რიტორიკა დაუწუნა. საუბარი ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა.

"რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია, რასაც თქვენ ბრძანებთ - კომპარტია უწოდებდა ამას ეროვნულ  მოძრაობას. კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ. ამ ენით საუბარი ინდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან.

დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას", - აღნიშნა  რომან გოცირიძემ.

"აღიარება კი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, მაგრამ მთლად გათავისუფლება არ ხდება პასუხისმგებლობისგან. თქვით, "რადიკალური ჯგუფი ვართო" და ხვალ შეიძლება თქვათ, რომ "დანაშაულებრივი ჯგუფიც ვართო", დაველოდებით სადამდე წახვალთ, - უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს.

დღესვე ყველაზე მეტი კითხვა დაისვა იმ 25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებზე კენჭისყრის დღეს აგიტაციას კრძალავს.

"ეს ქურდბაცაცები რომ გესხდნენ ყველა უბანში, ჩაცუცქულები, თავიანთ მეზობლებს რომ ატერორებდნენ, ხელით არავის არ ეხებოდნენ, თვალებით ეხებოდნენ," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"რაც შეეხება უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით თქვენ გულისწუხილს, მე მახსოვს, რომ თქვენმა პარტიამ კენჭისყრაზეც არ შემოგიშვათ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს და მე მახსოვს თქვენი შეწუხებული სახე, სხვათაშორის ცუდი გამოცდილება გქონიათ, ხან პლენარულ სხდომაზე არ გიშვებენ, ხან უბანში, რა ხდება იქნება გაარკვიოთ თქვენსავე პარტიაში," - უპასუხა ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძეს.

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტი დოკუმენტს ხვალ უყრის კენჭს.

დღის ამბები