18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
3/18 - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ემზადებიან

აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტზე რეგიონის უმაღლესი საბჭო ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, უმრავლესობა შეჯერდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება.

ამ ცვლილებით უმაღლესი საბჭო გეგმავს, ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ სამაჟორიტარო ოლქების რაოდენობას დაამთხვიოს.

"ნაციონალური მოძრაობა", დედაქალაქის მსგავსად, ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს აჭარაშიც:

"თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის პროპორციული არჩევნები, მაგრამ ვინაიდან 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულა ამ ხელისუფლებამ, არ ინდობა ეს ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ხვალ სხდომას არ დავესწრებით, ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით," - აცხადებს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე ასმათ დიასამიძე.

”ევროპული საქართველოს” წევრი პეტრე ზამბახიძის თქმით, დაესწრება თუ არა სხდომას ჯერ გადაწყვეტილი არაა და ოპოზიციაში ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ რეგიონის დონეზე საარჩევნო სისტემის ამ ტიპის ცვლილებას ის დიდი აღფრთოვანებით არ უყურებდა, თუმცა, საბოლოოდ, პოლიტიკური კონსენსუსი მაინც შედგა.

"ჩვენ გვექნება საკმარისი რესურსი, თუმცა, რა და როგორ იქნება, ამას დავითვლით. აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ შორის იყო. მეც დიდი აღფრთოვანებით არ ვუყურებდი ამ საარჩევნო სისტემას რეგიონის დონეზე და არა - ქვეყნის. პოლიტიკური კონსენსუსიდან გამომდინარე, გუნდში გარკვეულ წესებზე ვართ შეთანხმებული," - განაცხადა დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს ჩაგდების არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარებისა და პროპორციული სიით გასული დეპუტატების შეფარდება ახალი კანონპროექტით 3/18-ზე იქნება.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები