საარჩევნო კოდექსზე ვნებათაღელვა დაიწყო. კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე, შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება, გაჩერება და კითხვის დასმა, ვის აძლევს, ან ვის მისცა ხმა.
მკაცრდება რეგულაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე, არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.
კომუნისტურ პარტიასთან ასოციაცია დეპუტატებს მაშინ გაუჩნდათ, როცა საარჩევნო ცვლილებებზე მსჯელობდნენ. ურთიერთბრალდებები კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტები ჯერ სიძულვილის ენის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს, მოგვიანებით კი ისინი რადიკალურ ოპოზიციადაც მოიხსენიეს.
სხდომაზე ურთიერთბრალდებები მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ახალ რეგულაციაზე დაიწყეს საუბარი, რომელითაც საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება იკრძალება და დაუშვებელია ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება, თუნდაც კითხვისთვის, ვის უჭერს მხარს. ოპოზიციამ ამ რადიუსის გაზრდა მოითხოვა.
კანონპროექტის ინიციატორმა ოპონენტების ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა, მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძემ 25 მეტრიან რადიუსთან დაკავშირებით აგიტაციის კონტროლის პრობლემებზე ისაუბრა და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ამ საკითხზე მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესაძლოა შევიდეს, ქალთა კვოტირებას უკავშირდება. ცვლილებების მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს ისეთი სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება. კოდექსის მხარდაჭერის შემთხვევაში ამ კომბინაციით მეათე მოწვევის პარლამენტში 21-ის ნაცვლად უკვე 30 ქალი შევა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კოლეგებს დღეს გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია შესთავზა, რომლის მიხედვითაც სიაში ყოველი მესამე ქალი უნდა იყოს. კომიტეტმა კი საბოლოოდ ამ ვერსიას მხარი არ დაუჭირა.
ქალთა კვოტირებასთან ერთად უფასო სარეკლამო დროის განაწილების საკითხიც აქტუალური იყო. ახალი რედაქციის მიხედვით, ერთ საარჩევნო სუბიექტს უფასო საარჩევნო ვიდეორგოლში მეორე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გამოყენების უფლება აღარ ექნება. "ევროპული საქართველოს" წევრები, რომლებიც საკომიტეტო განხილვას არ ესწრებოდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების არჩევანს ზღუდავს და ხელს არ უწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
შემოთავაზებული ცვლილებებით, დგინდება პარტიების დაფინანსების ახალი წესიც, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებულ ხმებზე. პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს თითო ხმაზე 15 ლარს, ამის ზემოთ უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც იმოქმედებს. საჯარო სკოლების პედაგოგებზე, სიპ-ების თანამშრომლებზე გავრცელდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებზე. საპარალამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.
საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ეუთომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად 27 რეკომენდაცია შეიმუშავა. კანონმდებლობის გადახედვაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დღეს ერთხმად დაუჭირა. ხვალ კი დეპუტატები საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბებიან და კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.