"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მცდელობაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უნდა ჩავარდნილიყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობის დროს აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ცდილობდნენ კონკრეტული დეპუტატები დაერწმუნებინათ, რომ გამიჯნულიყვნენ ამ პროცესს. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ მოიყვანა ადა მარშანია, რომელიც, უმრავლესობის წევრის თქმითვე, კენჭისყრაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
კობახიძის აღნიშნულ განცხადებებს უკვე მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციის წევრები განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.
"ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური არაადეკვატურობის მორიგი ნიმუში, ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის ხოლმე. ახლანდელი განცხადება, რომ ევროპულმა საქართველომ ადა მარშანია და ემზარ კვიციანი ქმედებებისკენ აიძულა თუ რაღაცა ტყვეობაში ჰყავს და ჩვენს ჭკუაზე დადიან პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები, არის ისეთი დოზის სისულელე, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.
"გვეუბნებიან, რომ ჩვენი ხმის არმიცემით რაღაცები დავაყენეთ რისკის ქვეშ. ხომ გითხარით აქ, გიმეორებთ კიდევ მეორეჯერ 100-ვეს კორონავირუსი, რომ დამართნოდა ოღონდ რბილი ფორმით, 100-ვეს უყიდდა ივანიშვილი სკაფანდრებს. ილონ მასკიდან შეიძენდა, ძალით შემოათრევდა და დააჭერინებდა ხელს, იმიტომ რომ ივანიშვილმა იცოდა, საკონტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ნიშნავდა მის ჩავარდნას, პირადად მასზე სანქციების დაწესებას," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმაც.
"მაშინ, როდესაც სრულიად პოლიტიკური სპექტრი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე შეთანხმდნენ პრინციპზე, რომ საარჩევნო სისტემა შევცვალოთ და როდესაც იხილება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი და მასში არ მონაწილეობს პარლამენტის წევრი, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი უპირისპირდება პოლიტიკურ კონსენსუსს ამ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და უპირიპირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, - აღნიშნა ოხანაშვილმა.