18 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
"ევროპულ საქართველოს" თუ არ შეუძლია მოძებნოს ერთი ქალი, მაშინ რა უნდა არჩევნებში?! - ირაკლი კობახიძე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრამდე დებატები გაიმართა. აღნიშნულ დოკუმენტს კანონმდებლები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

 "ჩვენთან ძალიან მყიფე არის ზღვარი მობილიზებასა და ნების კონტროლს შორის. ადმინისტრირება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ 1000 ეკიპაჟი გვყავს საპატრულო, სრულიად შესაძლებელია ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა 3 ან 4 უბანი გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას ეს წესები ეცოდინება მკაფიოდ და ნათლად," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

"მზად ვართ, რომ უზრუნველვყოთ დამატებითი პრევენციული მექანიზმების მიღება, მაგალითად,  კამერების განთავსება, მათ შორის, მემორანდუმის გაფორმება პოლიტიკურ პარტიებს შორის.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის წინადადებებს, ისინი ითხოვენ 500 მეტრიანი რადიუსის დადგენას და საარჩევნო უბნებიდან 500 მეტრის რადიუსში ყოველგვარი შეკრების აკრძალვას. 500 მეტრი იქით, 500 მეტრი აქეთ ეს არის 1 კილომეტრი. 3700 უბანია, 3700 კილომეტრი რომ ავიღოთ, ქვეყანა სიგრძეში და სიგანეში ჯამში არ არის. ჩანს, რომ ისინი მხოლოდ საბაბს ეძებდნენ, იმისათვის, რომ არ შემოსულიყვნენ დარბაზში, თუმცა ვხედავთ, რომ მათ გარეშე კიდვ უფრო ლამაზია ჩვენი ცხოვრება,"  - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, შეკითხვები ძირთადად კვოტირების საკითხს შეეხებოდა.

"ამ კვოტების ასე ხელოვნურად დაგეგმვა და დაკანონება, რომ ყოველი მეოთხე უნდა იყოს - ეს ძალიან ბევრ კითხვებს გააჩენს. ესეც მე მგონია რომ ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს," - განაცხადა სხდომაზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა პაპუაშვილმა.

"შესაძლებელია იყოს პარტია, რომლის იდეოლოგიას არ იზიარებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქალბატონები და  ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი პარტია ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, "- განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" თავმჯდომარე გიორგი ლომიამ.

კანონპროექტის მომხსენებელმა საპარლამნეტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყოველი პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

"წარმოვიდგინოთ ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო", რომელსაც 3 %-ით შეუძლია შეიყვანოს ოთხი კანდიდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მათ უწევთ, ერთი ისეთი კანდიდატი ქალის მოძებნა, რომელიც არის თან კვალიფიციური და იმსახურებს დეპუტატობას და თან იზიარებს "ევროპული საქართველოს" იდეოლოგიას. ერთი ასეთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში?!" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სამსაათიანი განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, განიხილება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება. საარჩევო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე შენობიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

დღის ამბები