კანონპროექტმა, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბიზნესგარემოზე - ასეთია საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასება.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ცვლილებები აუცილებლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასები კი კიდევ უფრო გაიზრდება.
"ამ კანონპროექტზე მუშაობა, შემოდგომაზე როდესაც დაიწყო და წარმოგვიდგინა დიმიტრი ცქიტიშვილმა, სხვა რეალობა იყო არამარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს აბსოლუტურად სხვა განსხვავებული მდგომარეობაა და თქვენ იცით რომ ბიზნესს უდგას ლიკვიდობის, ნაღდი ფულის პრობლემა. ამ პრობლემის მოსახსნელად, საქართველოს მთავრობა ბიზნესს ეხმარება, უტოვებს კონკრეტულ თანხას, მაგალითად საშემოსავლო გადარიცხულიყო ბიუჯეტში, სახელმწიფო ბიუჯეტმა თქვა, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი, საერთო ჯამში 150 მილიონამდე ანუ თითოეულ დასაქმებულზე, რომელიც 1500 ლარს იღებს, 150 ლარამდე უტოვებს დამსაქმებელს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ახლა კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულია და პირველი, რასაც ჩვენ ვამბობთ, მსგავსი ტიპის განხილვა უნდა მიდიოდეს დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით.
მეორე საკითხი არის ის, რომ ჩვენ მსგავსი კანონპროექტის განხილვის დროს ვითხოვთ არა მხოლოდ იმას, რომ ნორმები იყოს ევროპულ სტანდარტთან მიახლოებული, არამედ იმას რომ პროცესი იყოს ევროპული და იმ ჩარჩოებში, რომელზეც საქართველოს მთავრობამ თავის დროზე ვალდებულება აიღო,"-განაცხადა "დღის კურიერში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ტიპის კანონპროექტის მომზადების დროს კარგად უნდა გათვალონ პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბიზნესზე. ამ შემთხვევაში კი, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ნეგატიური შედეგი ფულად ერთეულებში შეიძლება იყოს ასახული და ბიზნესს დამატებით ტვირთად დააწვეს.
"თუ საუბარია იმ უფლებრივ საკითხებზე, რომელზეც დღეს ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობდა, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ ამ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ბიუჯეტი თანხას უტოვებს ბიზნესს, ვეუბნებით, რომ 150 მლნ -ს დაგიტოვებ და - მაგალითისთვის, გადავთვალეთ ზეგანაკვეთურის შემთხვევაში სამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ინდუსტრიაში, სასტუმროების ბიზნესი, მშენებლობის ბიზნესი და საცალო გაყიდვების ბიზნესი, ამ სამი ინდუსტრიისთვის დამატებითი ხარჯები 240 მილიონს შეადგენს,“ - ამბობს ლევან ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ ლოგიკურად, შემცირდება სამუშაო ადგილები და ბიზნესი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.