"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" ინიციატივას, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
მისი განცხადებით, ამგვარი მიდგომა დამახასიათებელია ტოტალიტარულ-ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის. ბოკერია მიიჩნევს, რომ კვოტირება დემოკრატიის გაუქმებას ნიშნავს და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სხვაგვარად უნდა მოხდეს.
"უმძიმესი პრობლემა გვაქვს ქალთა და უმცირესობების უფლებების, მაგრამ მაგ გზით წასვლა, რომ ყველას, ვისაც პრობლემა აქვს, კვოტები მივცეთ, არის დემოკრატიის გაუქმება და ამ ჯგუფების, პირიქით, დაღუპვა. იმის მაგივრად, რომ ებრძოლო იმათ, ვინც ქალებს უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს - ასეთები სხედან ამ დარბაზში და ახლა ხმას აძლევენ ამას, ფარისევლურად, როცა თვითონ გვიმეორებენ ხოლმე, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია.
უნდა დავუპირისპირდეთ ქალთა მიმართ ძალადობას, ყველა ჯგუფს, ვინც ამ იდეოლოგიას ნერგავს და იმ კლიმატს, რომელიც საზოგადოებაში ხელს უშლის ქალებს, რომ კონკურენციაში თანასწორი მონაწილეობა მიიღონ და არა ხელოვნურად კვოტები დავსვათ საბჭოთა კავშირის და ტოტალიტარული სახელმწიფოს მსგავსად. ჰკითხეთ ნებისმიერ აქ მყოფს, დღეს რომელ დემოკრატიულ ქვეყანაშია პარლამენტში კვოტები?!- არც ერთში. რომელ ავტორიტარულ-ტოტალიტარულშია?! - არაერთში: კუბა, თურქმენეთი,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ დაჩქარებულად განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 21-დან 30-მდე გაიზრდება. ინიციატივა ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". ფორმულა ითვალისწინებს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.