"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, გენდერული თანასწორობის პრობლემას ნაკლებად მოაგვარებს.
მისი განცხადებით, ამგვარმა მიდგომამ, შესაძლოა, იდეის დისკრედიტაცია გამოიწვიოს. ნინო ბურჯანაძე მომხრეა იმ სტრატეგიისა, როდესაც პარტიის წახალისება ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის იცავდა გენდერულ კვოტებს.
"მე უფრო მომხრე ვიყავი იმისა, როდესაც ხდებოდა წახალისება, თუმცა, ნაწილობრივ, ეს ახლაც დარჩა კანონპროექტში, როდესაც ხდება პოლიტიკური პარტიების წახალისება იმისთვის, რომ ისინი იცავენ გენდერულ კვოტებს. ხელოვნურად დაწესება იმისა, რომ მაინცდამაინც ყოველი მეოთხე ან ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია არჩევნებიდან მოიხსნება, ეს არ მიმაჩნია სწორად იმიტომ, რომ ასეთი ხელოვნური პრობლემის შექმნა პარტიებისათვის გენდერული თანასწორობის პრობლემას ნაკლებად მოაგვარებს და, შეიძლება, დისკრედიტაციაც მოხდეს იდეის,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაჩქარებულად განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 21-დან 30-მდე გაიზრდება. ინიციატივა ეკუთვნის "ქართულ ოცნებას". ფორმულა ითვალისწინებს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.