დემოკრატიის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ელჩები, ასევე ევროპარლამენტარები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსეც ესწრებოდა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა სპიკერმა ცალსახად აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ეს იყო ისტორიული ხასიათის შეთანხმება და ამავე კონტექსტში აღნიშნეს, რომ არანაკლები მნიშვნელობის არის შეთანხმება იმაზეც, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს აპოლიტიკური.
დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მხრიდან "ოდირი-ს" რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს სრულიად უჭერს მხარს.
"მინდა, ყურადღება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე გავამახვილო, ასევე, აქტორებზე, რომლებიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რას აკეთებს ქვეყანა ამ პროცესის დროს - ეს მთავარია, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების როლი ქვეყნის მხარდაჭერაში. მე სხვა მიმართულებით ვუყურებ საქართველოსადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას. დიდი ბრიტანეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს მხრიდან "ოდირი-ს" რეკომენდაციების შესრულებას.
მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა, ასევე მნიშვნელოვანია ქალების წარმომადგენლობის გაზრდა. საქართველოს პოლიტიკისთვის გამოწვევა რჩება საკანონმდებლო ორგანოში ქალი წარმომადგენლების სიმცირე. ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს," – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტმა.
როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების როლიც.
"ახლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემო. საქართველოს დემოკრატიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების როლიც, ასევე ყველა ჩვენგანის ჩართულობა საქართველოსადმი მხარდაჭერის დროს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს არჩევნების სისტემა. დემოკრატიის კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევაფასოთ როგორი იყო ადრე საქართველო და როგორია ახლა ის. ვხედავთ საქართველოს დემოკრატია ევოლუციას და პროგრესს განიცდის.
გავიხსენოთ ორშაბათიც, როცა საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა და გადავიდა მეტად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ქვეყნისთვის უფრო შესაფერისია. მოხდა ამის მიღწევა. ამ პროცესში დიდია ევროკავშირის როლი. ჩვენ არ უნდა მოვხვდეთ საქართველოს პოლიტიკური პოლარიზების გარემოს ხაფანგში, ეს, ალბათ, საარჩევნო კამპანიის დროსაც გაგრძელდება. ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდება და შედეგამდეც მივა. ჩვენ კი ამ პროცესის მშენებლობა უნდა განვაგრძოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ - პოლიტიკური გარემო კარგია, არჩევნები კი სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება," - აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.