"ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დადგეს საქართველოს გვერდით მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - ამ სათაურით სტატიას ამერიკელი კონგრესმენი მალინი აქვეყნებს. რესპუბლიკელი კონგრესმენი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს და მას პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს.
მალინის განცხადებით, მთელ მსოფლიოში რუსული გავლენის თავიდან აცილება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესიცაა. კონგრესმენის საავტორო სტატიაში 8 მარტის შეთანხმებაზეც არის საუბარი. მალინი საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევის დაუშვებლობის, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
"ჩემი საკანონმდებლო აქტის ამოქმედება კარგი პირველი ნაბიჯი იქნება ცუდი აქტორების პასუხისგებისა და იმის საჩვენებლად, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამასთან, აუცილებელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის უფრო ფართო სტრატეგია, რათა შემდგომში ასეთი კორუფციული ქცევა აღიკვეთოს. ქართველ ხალხთან გვერდით დგომაში წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას, არამედ ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას მთელ მსოფლიოში",- ნათქვამია კონგრესმენ მალინის პუბლიკაციაში.