საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს", - წერია განცხადებაში.
პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია.
"პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. მადლობა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს.
ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს.
8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს.
გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია.
აქტიურ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 პარტია აწერს.
განცხადებას შემდეგი ოპოზიციური პარტიები უერთდებიან: "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", "ახალი საქართველო", "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი", "ევროპული დემოკრატები", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის", "ემსახურე საქართველოს", "ლეიბორისტული პარტია", "გამარჯვებული საქართველო", "მოძრაობა ლელო საქართველოსთვის", "თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის", "კანონი და სამართალი", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია."