18-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. "8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია, გიორგი რურუას გათავისუფლება კი პრინციპულ საკითხად რჩება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშებს დაუყადაღებენ.
"კონსტიტუციასაც მიიღებს, პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს. გაათავისუფლა ყველა, დარჩა გიორგი რურუა. მოუწევს, თუ არადა ნახავთ ამასაც. იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო არის ძალიან პატარა, არავინ არ აპატიებს ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და თავისი ჭკუით მართოს ქვეყანა. მოუწევს რურუას გათავისუფლება, თუ არადა მოუწევს საკუთარი ფულის დაკარგვა, დააყადაღებენ მის ანგარიშებსა და აქტივებს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით კი, მოქალაქეების დაკვეთაა, რომ მმართველი გუნდის ოცნების წინააღმდეგ ერთსულოვანი იყვნენ.
სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის ძალისხმევით და ძალით, ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მივაღწიეთ და თითქმის პროპორციული სისტემა მივიღეთ. მიმართვა ადრესირებულია ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა არის სწორედ, რომ ივანიშვილის "ოცნების" წინააღმდეგ ვიყოთ ერთსულოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ იქ, სადაც ოპოზიცია ერთსულოვნებას ანახებს, როგორ გაავებულია ხოლმე ხელისუფლება, - განაცხადა გიგი უგულავამ.