18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
COVID-19 ინფექციის გამოწვევების მართვა - ხელისუფლების ქმედებების შეფასების ანგარიში "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა

COVID-19 ინფექციის გამოწვევების მართვა - ხელისუფლების ქმედებების შეფასების ანგარიში "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხელისუფლების ქმედებებით თავიდან იქნა აცილებული ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელება. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გაუმართლებელი იქნება იმის თქმა, რომ ამ შედეგების მიღწევა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ხარჯზე მოახერხა, თუმცა პროცესში გარკვეული ხარვეზებიც იყო. ამასთან, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა საკანონმდებლო ორგანოს როლი და გაიზარდა მთავრობის უფლებამოსილება.

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" განცხადებით, დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ:

ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ზომები დროულად მიიღო და შეზღუდვები ეტაპობრივად გაამკაცრა. არსებული სიტუაციის შესაბამისად შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა;

განსაკუთრებულად მკაცრი ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები კონკრეტული ტერიტორიის მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღებოდა;

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შეზღუდვების გამკაცრების ან შერბილების შესახებ ჟურნალისტებისა და საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ხდებოდა;

ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა შესაბამის პროფესიონალებთან;

ქვეყანაში შიდა გავრცელებას არ ჰქონია მასშტაბური ხასიათი - ნათქვამია ანგარიშში.

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" უარყოფითად აფასებს იმას, რომ:

საგანგებო მდგომარეობის პირობებში აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა;

აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ფართო დისკრეციის მინიჭებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები გაიზარდა;

ხელისუფლების გარკვეული ქმედებები შერჩევით ხასიათს ატარებდა, ხოლო ზოგიერთი შეზღუდვა დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო;

საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის მკაცრად განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა და ადეკვატური სანქციის შეფარდებას შეუძლებელს ხდიდა;

არ არსებობდა პირის საკარანტინო სივრცეში მოთავსების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმები;

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან და უცხოელებთან კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა;

საგანგებო მდგომარეობის მიწურულს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს.

დღის ამბები