18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
იმედი გვაქვს, პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს - ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გამართეს

საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შეხვედრა გამართეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ოქტომბერში კონკურენტული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და იმ პირობების უზრუნველყოფას რომელიც თავისუფალ, სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნის.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს:

"გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე პარლამენტის სპიკერთან და სხვებთან. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უკვე შეიცავს ოდირის ზოგ რეკომენდაციას. ჩვენ განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომლებიც შექმნიდა უფრო თავისუფალ, სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ოქტომბერში. ვიცი, რომ კანონპროექტზე უკვე ჩატარდა ბევრი სამუშაო. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ საარჩევნო კოდექსის რეფორმაც რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდეს:

"მოხარული ვარ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გამო, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯი იქნება დემოკრატიულ დღის წესრიგისთვის. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო არჩევნებისთვის მზადების შემდგომი ეტაპი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ საარჩევნო კოდექსი და მისი რეკომენდაციების მიხედვით განხორციელება. იმედი მაქვს, საბოლოოდ ჩვენ გვექნება პლატფორმა არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტული იქნება,"- აცხადებს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები