საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ელჩებს შეხვდა.
შეხვედრაზე ელჩებმა დავით ზალკალიანს ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი მისალოცი წერილი გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა და პანდემიის პირობებში თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გამოჩენილი ორგანიზების, მართვისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული უნარი.
ბალტიის ქვეყნების მინისტრები კოლეგას გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდიან.
"დღეს ჩვენ ერთად შევხვდით მინისტრ ზალკალიანს და გადავეცით ბალტიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომლითაც ისინი ულოცავენ საქართველოს ევროპის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას, რომელიც სიმბოლურად დაემთხვა ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს. საქართველომ თავმჯდომარეობის პერიოდში აჩვენა ძალიან კარგი შემოქმედებითობა, ორგანიზებულობა და პროფესიული თავდადება; ასევე, ძალიან კარგი შედეგები COVID-ის პანდემიის დროს," - აღნიშნა ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პოაჯუნასმა.