საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით უკვე დამტკიცებულია. თუმცა მანამდე დეპუტატებმა პროექტის ავტორისგან ცვლილებების მიზნობრიობა კიდევ ერთხელ მოისმინეს, გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით კი დაზუსტებები მოითხოვეს.
"ევროპული საქართველოს" წევრები სხდომას არც დღეს დასწრებიან. კვლავ ცარიელი იყო "ნაციონალური მოძრაობის" სკამებიც. მიზეზები ოპონენტებმა სხდომათა დარბაზის გარეთ, მედიასთან განმარტეს
სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ცვლილებებს მხარი კონკრეტული პოლიტიკური არგუმენტებით არ დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა.
ცვლილებების მხარდაჭერისთვის ზოგიერთი დეპუტატისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა გენდერული კვოტირების საკითხი, რომელიც პარტიული სიის ოთხეულში ერთი განსხვავებულ სქესის წარდგენას ავალდებულებს. სხდომაზე ალტერნატიული წინადადებაც გაჟღერდა, თუმცა საკანონმდებლო პერსპექტივა ადგილზევე შეუჩერდა.
კანონმდებლობაში ვერ აისახა ეუთოს ერთ-ერთი რეკომენდაციაც სიძულვილის ენის დარეგულირების შესახებ.
არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის გამო კოდექსში არ შევიდა ცვლილება არც აუდიტის სამსახურის მიერ მედიის ფინანსურის საქმიანობის კონტროლის შესახებ, თუმცა მედიის ნაწილში საბოლოოდ დარჩა რეგულაცია პოლიტიკური რეკლამის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით. დღესვე მესამე მოსმენამდე შეიცვალა ბლოკში შემავალი პარტიების დაფინანსების წესი, რასაც თავად ბლოკის წესდება დაარეგულირებს.
კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით იცვლება თავად პარტიათა დაფინანსების წესიც, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. მკაცრდება რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაშიც.