18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ყველა კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი - პრემიერი გიორგი რურუაზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვაზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შესრულებას და გიორგი რურუას ეხებოდა უპასუხა, რომ ყველა დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.  

"ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. აი, ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, მერე ვილაპარაკებ ამაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას 2020 წლის 8 მარტს მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გიორგი რურუა კი, ამ ეტაპზე, ისევ ბრალდებულია და პატიმრობაში რჩება. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

საბოლოოდ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიიღო.

დღის ამბები