18 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართულ ოცნება" ერთმანეთს სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ რეაგირებას არ გამორიცხავენ

პოლიტიკური განცხადებები შესაძლოა სამართლებრივი დავის წამოწყების საფუძველი გახდეს. "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონს, რომ ისეთი ეპითეტებით მოიხსენიებენ, რომელიც მათივე შეფასებით შეურაცხყოფს ამომრჩეველს. ამას გარდა "ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად მშვიდი.

"ოპოზიციას უწოდებენ რადიკალურს და კრიმინალურს, მათ შორის პარლამენტის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით, ეს არის ნამდვილად სიძულვილის ენის და დაპირისპირების გაღვივება, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას საზოგადოებაში და ვითარების დამძიმებას.საქართველოს მოქალაქეების და ზოგადი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ გააგრძელებენ ასეთი პოლარიზების დათესვას საზოგადოებაში," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.

"ამ ბოლო პერიოდში ამ ტიპის განცხადებები არის პირდაპირ დავალება,რ ომ საარჩევნო პერიოდში იყოს ზეწოლა და ძალადობა, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენებით," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მოწოდების მიუხედავად "ქართული ოცნება" ისევ იგივე პოზიციაზეა ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს კრიმინალებად მოიხსენიებს. ოპოზციის განცხადებას, რომ მმართველი გუნდის მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენას შესაძლოა მათი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ "ქართულ ოცნებასაც"  შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის დადგენის მიზნით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად კრიმინალური ძალაა:

"საარჩევნო გარემოს აზიანებს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანუ ჭაკუას პარტია კვლავაც არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი. ეს რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, ისინი არიან ჭაკუების, რურუების რეჟიმის წარმომადგენლები. შესაბამისად, ისინი არიან კრიმინალები.

საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენდა, რომ "ნაცმოძრაობა" არის კრიმინალური ოპოზიციური ძალა, რომელსაც აქვს ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური მიზნები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარი ცინიკურია

"ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენაზე საუბრობს იმ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელთაგანაც მუდმივად გვესმის სიძულვილის ენა, დაწყებული მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილიდან, მათი უმეტესობისგან, გვესმის სიძულვილის ენა არა მარტო ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, არამედ ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მიმართაც კი," -აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები