18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ღამის შრომის საკითხი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არ დევს შრომის კოდექსში - ბექა ნაცვლიშვილი

შრომის კოდექსში ინსპექტირების სამსახურის მანდატის გაზრდის გარდა კიდევ სხვა პრობლემური საკითხებია, რომლებზეც დღეს ბექა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ღამის საათებში შრომის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც შრომის კოდექსში დღესდღეობით არ დევს.

"ღამის შრომის საკითხი, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს საკითხი დღეს შრომის კოდექსში არ დევს და კითხეთ, თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით, ჰკითხეთ, გადით, მშრომელებს რა აწუხებთ ვინც არის ღამის სამუშაო დროს დასაქმებული. მათი ანაზღაურება არ იზრდება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის მოსაზრებას არ იზიარებენ ოპოზიციაში. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ ინსპექტირების სამსახურის მანდატის გაზრდა ბიზნესისთვის დამაზიანებელია.

"მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოებისთვის ძალიან დიდი უფლებების მიცემა, რომლითაც შეუძლიათ ბიზნესი შეავიწროონ, თუ ამას მოისურვებენ, სხვათა შორის საფუძვლების გარეშეც და ამის საშუალება მათ ექნებათ, ეს რა თქმა უნდა მიზანშეწონილი არ არის. არავინ ამბობს, რომ არ უნდა იყოს დაცვა და ინსპექტირება, მაგრამ ეს უნდა იყოს გონივრულობის ჩარჩოებში და არ უნდა ტოვებდეს საფუძველს იმისა, რომ ვიღაცამ უსამართლოდ, ან სასამართლოს გარეშე, ან რაღაც გარკვეული მოსაზრებით ბიზნესს შეუქმნას გარკვეული პრობლემა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

ბიზნესის არგუმენტები მიუღებელია დამოუკიდებელი დეპუტატისთვის და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის დიმიტრი ცქიტიშვილისთვის. როგორც დეპუტატი აცხადებს, ინსპექციის სამსახურის მანდატის გაზრდა მსთვის პრინციპული საკითხია.

"თუ შრომის ინსპექცია არ იქნება კანონი მთლიანად, აქ ახალი ცვლილებები კი არა, რაც არის ისიც კი აზრს კარგავს იმიტომ, რომ პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ შრომის ინსპექციის გარეშე არსებული ნორმები არ მუშაობს. ამიტომაც შრომის ინსპექცია არის ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აეგოს შრომითი უფლებების სტანდარტის გაუმჯობესება ქვეყანაში. ცალსახად მიმაჩნია მე როგორც ინიციატორს, რომ ამ კუთხით არანაირი კომპრომისის დაშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ მთლიანად რეფორმა არის აზრს მოკლებული," - განცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები